კოლხეთის ეროვნული პარკი
ზოგადი ინფორმაცია
კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში,-კოლხეთის დაბლობის ცენტრალურ ნაწილში, მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ნაბადისა და ჭურიის უბნის მიმდებარე აკვატორიის ნაწილს და პალიასტომის ტბის აუზს. ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს 44308,5 ჰა-ს, მათ შორის, სახმელეთო ტერიტორიის ფართობია 29032,5 ჰა, ხოლო მდ. რიონისა და მდ. ჭურიის შესართავებს შორის მდებარე საზღვაო აკვატორიის -15276 ჰა. განთავსებულია ფოთის, ხობის, ლანჩხუთის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და საქართველოს ორი ისტორიული მხარის, სამეგრელოსა და გურიის ნაწილია (მაჭუტაძე და სხვ, 2017; საქართველოს ეროვნული პარკები, 2021; Colchis National Park Management Plan, 2004; Joosten, 2009).

სურ. 1. საქართველოს დაცული ტერიტორიების რუკა
ტერიტორია ზღვის დონიდან 0.5 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და გამოირჩევა თითქმის იდეალურად ბრტყელი, ძალზე სუსუტად დანაწევრებული და უმნიშვნელოდ დახრილი ზედაპირით. რელიეფის ძირითად ფორმას ბრტყელი ზღვისპირა ვაკე წარმოადგენს, რომელიც ალაგ-ალაგ მდინარეთა კალაპოტით არის ჩაჭრილი 1-3 მ სიღრმეზე.

სურ. 2. კოლხეთის ეროვნული პარკი
ეროვნული პარკი იყოფა ანაკლია-ჭურიის (მდინარეების ჭურიისა და ხობისწყალის ხეობების ზღვისპირა მონაკვეთებს შორის), ნაბადასა (მდინარეების ხობისწყალის და რიონის ხეობების დასავლეთ მონაკვეთებს შორის) და იმნათის (მდინარეების რიონის და სუფსის ხეობების დასავლეთ მონაკვეთებს შორის) ბუნებრივ-გეოგრაფიულ უბნებად. ეს უბნები ერთმანეთისგან გამიჯნულია მდინარეების: ხობისწყალისა და რიონის კალაპოტების ზღვისპირა მონაკვეთებით. გარდა აღნიშნულისა, ეროვნულ პარკში შედის მდ. რიონისა და მდ. ჭურიის შესართავებს შორის მდებარე ზღვის აკვატორია.
კაცობურის აღკვეთილიც კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია. იგი მდებარეობს აბაშის მუნიციპალიტეტში, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე. მისი ჩრდილოეთის საზღვარი გასდევს მდ. რიონის სანაპიროს. დასავლეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით შემოფარგლულია სოფ. კეთილარის მიწებით. აღკვეთილის მთლიანი ფართობი შეადგენს 270, 8 ჰა-ს.
კოლხეთის ეროვნული პარკის ლანდშაფტის შემადგენელ ყველა ჭარბტენიან ჰაბიტატს ერთიანი ჰიდროლოგიური ქსელი და ჰიდროლოგიური რეჟიმი აერთიანებთ. ეროვნულ პარკში და მიმდებარე ტერიტორიებზე უხვნალექიანი კლიმატის შედეგად, გაედინებიან შერეული საზრდოობის (თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლების) წყალუხვი მდინარეები, მათ შორის ზოგი ტრანზიტულია (სუფსა, რიონი, ხობისწყალი, ცივი, ტეხური, ენგური), ზოგი კი ადგილობრივი ჭაობებიდან იღებს სათავეს (მალთაყვა, დედაბერა, ცია, ცივა, ჭურია და სხვა).
პარკის ტერიტორია მდიდარია ტბებით, ჭარბტენიანი მდელოებით, ტორფნარებით, და სხვადასხვა ტიპის ჰაბიტატებით.

სურ. 3. პალიასტომის სანაპირო
კოლხეთში განსაკუთრებული, უნიკალური კლიმატია. საშუალო წლიური ტემპერატურა 14,10C-ია. ხასიათდება ნალექების სიუხვით და მაღალი ფარდობითი ტენიანობით, რომელიც წლიურად მერყეობს 70%- დან 83% -მდე. ძალზე იშვიათადაა ყინვები.
წლის თბილ პერიოდში გამუდმებით ქრის დასავლეთის ქარი ზღვიდან ხმელეთისაკენ, ხოლო ცივ პერიოდში – აღმოსავლეთის ქარი ხმელეთიდან ზღვისაკენ. არსებული გარემო პირობები ხელსაყრელ პირობებს ქმნის კოლხეთის განსაკუთრებული ჰაბიტატებისა და სახეობათა უნიკალური ბიომრავალფეროვნების არსებობისათვის.
კლიმატსა და ტორფნარებს შორის ორმხრივი დამოკიდებულებაა: კოლხეთის კლიმატი რეაგირებს ტორფნარებზე და თვით ტორფნარები ხელს უწყობენ კლიმატის რეგულაციას.
ჭოროხის დელტა და კოლხეთის ჭარბტენიანი ეკოსისტემები წარმოადგენს მაღალი სოციო-ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე ბუნებრივ სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მრავალფეროვან ეკოსისტემურ სერვისებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაში.
მომმარაგებელი სერვისები
ჭარბტენიანი ეკოსისტემები ასრულებენ კრიტიკულ რეგულაციურ ფუნქციებს:
- ნიადაგის სტაბილიზაცია და ეროზიის შემცირება
- ჰიდროლოგიური რეჟიმის რეგულაცია, წყალდიდობების შერბილება და წყლის ბუნებრივი ფილტრაცია
-
კლიმატის რეგულაცია (ნახშირბადის ბალანსი ტორფნარებში)
აღნიშნული სერვისები ამცირებს ეკონომიკურ დანაკარგებს ბუნებრივი რისკების დროს.
კულტურული სერვისები
ტერიტორიას აქვს მაღალი მნიშვნელობა:
- ეკოტურიზმისთვის
- ფრინველებზე დაკვირვებისთვის
- საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევებისთვის
ეს ქმნის დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობას.
ჰაბიტატის (დამხმარე) სერვისები
ეკოსისტემები უზრუნველყოფენ:
- ჰაბიტატებს მრავალფეროვანი სახეობებისთვის
- ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას
-
ეკოლოგიური პროცესების სტაბილურობას
სოციო-ეკონომიკური (ინდიკატორები)
ეკოსისტემური სერვისების შეფასება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ინდიკატორებით:
- მოსახლეობის დამოკიდებულება ბუნებრივ რესურსებზე (%) ;
- თევზჭერის პროდუქტიულობა;
- ეკოტურისტების რაოდენობა ;
- ინვაზიური სახეობების მიერ დაკავებული ფართობი (%);
- ბიომრავალფეროვნების ინდექსები
- ეკოსისტემური სერვისების სივრცითი განაწილება (GIS)
ინვაზიური უცხო სახეობები მნიშვნელოვნად ამცირებენ ეკოსისტემური სერვისების სარგებელს:
- ამცირებენ ადგილობრივი მცენარეების რესურსულ მნიშვნელობას
- ზემოქმედებენ თევზჭერის ჰაბიტატებზე
- აუარესებენ ეკოსისტემების სტრუქტურასა და ფუნქციონირებას
- ზრდიან მართვის ხარჯებს
შედეგად მცირდება როგორც ეკოლოგიური, ისე ეკონომიკური მდგრადობა.
